თეგი: სახელმწიფო მინისტრის აპარატი

თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, მარკ კლეინტონთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი პოზიციის, ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის ინიციატივების მტკიცე მხარდაჭერის გამო. „შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, ასევე საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობასა და სამომავლო ხედვებზე იმსჯელეს. თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს გააცნო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც ფართო საზოგადოებრივი და საერთაშორისო ჩართულობით მიმდინარეობს. თავის მხრივ, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა; მან შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა და სტრატეგიული გადახედვის პროცესში საელჩოს აქტიური მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოხატა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნები სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია

საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს აფხაზეთის რეგიონში დღეს მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მისი შედეგების ლეგიტიმურობას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, – ამის შესახებ ნათქვამია აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობის დევნილობაში ყოფნის პირობებში, ე.წ. არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. „ურთულესი გლობალური და რეგიონული გამოწვევების, ასევე ადგილზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს მთავრობა განუხრელად და თანმიმდევრულად ახორციელებს მტკიცედ გაცხადებულ ორგანზომილებიან სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, დეოკუპაციასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით შერიგებისა და ჩართულობის პროცესის განხორციელება და მისი კიდევ უფრო გააქტიურება წარმოადგენს. უმთავრეს პრიორიტეტად რჩება გამყოფი ხაზით ხელოვნურად დაშორებულ საზოგადოებას შორის დიალოგის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის გაღრმავება, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შეთავაზება, საქართველოს ევროინტეგრაციის  პროცესის კვალდაკვალ", - ვკითხულობთ განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ცხინვალის რეგიონში დღეს მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და მათი შედეგების ლეგიტიმურობას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. „მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის პირობებში, ის ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ასობით ათასი გამოდევნილი პირი მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას, ხოლო ადგილზე გრძელდება დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევები, რაც გამოიხატება სიცოცხლის ხელყოფით, ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით და სხვა უკანონო ქმედებებით“, – ნათქვამია განცხადეებაში. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშის განხილვა ადასტურებს, რომ საქართველო მუდმივად დგას საერთაშორისო დღის წესრიგში

"ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშის განხილვა ადასტურებს, რომ საქართველო მუდმივად დგას საერთაშორისო დღის წესრიგში", - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ანგარიშში ასახულია 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა. „ანგარიშში აღნიშნულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, როგორიც არის სიცოცხლის ხელყოფა, თავისუფალი გადაადგილებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, ასევე თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესზე, ახალგორის მიმართულებით ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ დახურვით გამოწვეულ მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ირაკლი ბებუას უკანონო დაკავებაზე, ასევე ხანგრძლივი უკანონო პატიმრობის შედეგად გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და გარდაცვალების ფაქტზე. ამასთან, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საანგარიშო პერიოდში არ მომხდარა პროგრესის მიღწევა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფის მიმართულებით. ანგარიშში ხაზგასმულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა, ასევე, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის საჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელება, ისევე როგორც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერისკენ მიმართულ ძალისხმევა და პანდემიის დროს აღმოჩენილი დახმარება. ამასთან, აღნიშნულია ევროპის საბჭოს როლი და ჩართულობა ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის ხელშეწყობისა და ნდობის აღდგენის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ კონსოლიდირებული ანგარიშის მომხსენებლებს არ ეძლევათ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და ადგილზე არსებული ვითარების გაცნობის შესაძლებლობა, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც ასახავს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა მუდმივად დგას საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ დღის წესრიგში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, გრძელდება მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევა - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, ანექსიისკენ მიმართულ ინტენსიურ ნაბიჯებს, მილიტარიზაციას. „14 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით, ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ და სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს განუყოფელი ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია მოახდინა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების, მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას დათანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს. საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევით, რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, ანექსიისკენ მიმართულ ინტენსიურ ნაბიჯებს, მილიტარიზაციას; ამასთან, გრძელდება ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევა, რაც გამოიხატება ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით, უკანონო დაკავებებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით, საკუთრებაზე, სამედიცინო დახმარებასა და საარსებო წყაროებზე წვდომის შეზღუდვითა და სხვა უკანონო ქმედებებით. საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები კოვიდ-19 პანდემიის დროსაც არ შეწყვეტილა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა ხელოვნურად იზოლირებული მოსახლეობა ახალგორის რაიონში, სადაც ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა. დაუსჯელნი რჩებიან საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირები. ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად, ასობით ათასს ლტოლვილსა და იძულებით გადაადგილებულ პირს დღემდე არ ეძლევა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით ადგენს, რომ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე, და შესაბამისად აკისრებს მას სრულ პასუხისმგებლობას მიმდინარე ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე. საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიური თანამშრომლობითა და მჭიდრო კოორდინაციით, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტისა და საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებით, განაგრძობს ძალისხმევას ოკუპაციის მძიმე შედეგებთან გამკლავების მიზნით, რათა უახლოეს მომავალში ჰუმანიტარულ ჭრილში გადაწყდეს, როგორც ცხინვალის რეგიონის ასევე აფხაზეთის მიმართულებით უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი; პასუხისგებაში მიეცეს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე პირები; დაცული იქნას ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებები; შეიქმნას შესაბამისი პირობები დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად. კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე შეზღუდული წვდომის პირობებშიც კი, საქართველოს მთავრობა მტკიცედ და განუხრელად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას. დეოკუპაციასთან ერთად, ძალისხმევა მიმართულია ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დეპოლიტიზირებული დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისკენ, ნდობის მშენებლობისა და ჩართულობის პროცესის გააქტიურებისკენ; ასევე, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვისა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივების შეთავაზებისკენ, მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის კონტექსტში. სწორედ ამას ემსახურება სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეფექტიანი განხორციელება, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მიმდინარე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რაც მიზნად ისახავს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის, თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით არსებითი პროგრესის მიღწევას, სტატუს-ნეიტრალური, ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული და კონფლიქტით დაზარალებული ხედვების საფუძველზე. სამშვიდობო პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართული ქმედებების აღკვეთისა და ხალხთაშორისი დიალოგის ხელშეწყობის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.